ევროპის საუნივერსიტეტო ინსტიტუტი სტუდენტებს ევროკავშირის არქივში სამუშაოდ გრანტს გამოუყოფს

12-03-2021
Photo: European Union
Photo: European Union

ევროპის საუნივერსიტეტო ინსტიტუტი (EUI) და ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი (IVF) ახალგაზრდა მეცნიერებს საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს. საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებისთვის განკუთვნილი პროექტის

მიზანი ფლორენციაში არსებულ ევროკავშირის ისტორიულ არქივში (HAEU) ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე კვლევის ჩატარებაა.

განცხადების შეტანა შეუძლია ყველა სტუდენტს, ვინც ამჟამად სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებში ირიცხება და ყველა იმ პოსტდოქტორანტ მკვლევარსა და უნივერსიტეტის პედაგოგს, ვისაც კონკურსში მონაწილეობამდე ათი წლის განმავლობაში აქვს მიღებული მაგისტრის ან დოქტორის ხარისხი და ახლა აკადემიური თანამდებობა უჭირავს.

შერჩეულ კანდიდატებს ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე პუბლიკაციის  — დისერტაციის, წიგნის ან სამეცნიერო სტატიის მომზადება დაევალებათ. ნაშრომი საზოგადოებრივი ან სოციალური მეცნიერების  დისციპლინათაგან რომელიმეში უნდა იყოს შესრულებული — იქნება ეს იურისპრუდენცია, ისტორია, პოლიტიკური მეცნიერებები, ეკონომიკა, სოციოლოგია თუ საჯარო მმართველობა.

ვიშეგრადის ფონდი 2021-2022 წლების განმავლობაში ათამდე გრანტს გასცემს. თუ ფლორენციაში გამგზავრება მიმდინარე პანდემიის პირობებში არ იქნება ნებადართული, გრანტის მიმღებებს კვლევის ჩატარება დისტანციურად შეეძლებათ. ასეთ შემთხვევაში მკვლევრებს საარქივო ფაილების ციფრული ვერსიების მოთხოვნის უფლება ექნებათ, რის შედეგადაც საგრანტო პროგრამა შეუფერხებლად წარიმართება.

2021-2022 წლების საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს განცხადების შეტანა მიმდინარე წელს ორ სხვადასხვა დროს შეეძლებათ — პირველად  30 აპრილამდე, ხოლო მეორედ 31 ოქტომბრამდე.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი (IVF)