ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ვალენტინობას ახალი წევრების მიღებით აღნიშნავენ

14-02-2021
Photo: European Union
Photo: European Union

ევროკავშირის ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის წლევანდელი ვალენტინობის აღსანიშნავად თავის რიგებში მეტ ახალგაზრდას მიიწვევს. ქსელში გასაწევრიანებლად განაცხადის შეტანა 16-დან 26 წლამდე ასაკის ყველა მსურველს შეუძლია.

ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივის წევრებს ეძლევათ საშუალება, დაიწყონ კარიერული წინსვლა და მოსინჯონ ძალები ლიდერთა პოზიციებზე. მრავალფეროვანი ონლაინ და ოფლაინ აქტივობათა საშუალებით, ინიციატივა ეხმარება ახალგაზრდებს, ერთობლივად იზრუნონ ადგილობრივი საზოგადო მნიშვნელობის საკითხების მოგვარებაზე. ამ გზით ისინი ევროკავშირის და აღმოსავლეთ სამეზობლოს ურთიერთკავშირის შესახებ აზრის ფორმირებასაც უწყობენ ხელს.

ინიციატივის შექმნის დღიდან ახალგაზრდა ევროპელი ელჩის სტატუსით არაერთმა სტუდენტმა, ახალგაზრდა პროფესიონალმა და ლიდერმა მიიღო მონაწილეობა ასობით ღონისძიების ორგანიზებაში თუ საერთაშორისო საზოგადოებრივ მოვლენებში. ისინი, ამასთან, Facebook-ის 8 ათასზე მეტი წევრისგან შემდგარი ჯგუფის, ახალგაზრდა ევროპელი მეზობლების ქსელის აქტიური წევრებიც არიან.

ამჟამად აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყანაში, ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოსა და გაერთიანებულ სამეფოში 34 სხვადასხვა ეროვნების ახალგაზრდა ევროპელი ელჩები საქმიანობენ.

ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივა 2016 წელს შეიქმნა. ის პროექტ „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს“ ნაწილი იყო რომელიც, თავის მხრივ, ევროკავშირის ღია სამეზობლო პროგრამის ფარგლებში ფუნქციონირებდა.

ქსელში გასაწევრიანებლად განცხადებათა მიღება გასული წლის ნოემბერს შეწყდა, როდესაც ევროკავშირის ღია სამეზობლო პროგრამა ოფიციალურად დასრულდა.  2021 წლიდან მოყოლებული კი ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივა ახალი, „აღმოსავლეთ სამეზობლოსთვის ევროკავშირის რეგიონული კომუნიკაციის პროგრამის“ ნაწილი გახდა.

დამატებითი ინფორმაცია

ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივა და განაცხადის შეტანის წესები

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები საქართველოდან