აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა საქართველოში

29-08-2019
აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა საქართველოში
1. რა განსხვავებაა ჩვეულებრივ საშუალო სკოლას და აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპულ სკოლას შორის?

არის ორი დიდი განსხვავება - თავად სასწავლო კურსი აქცენტით ევროპულ საკითხებზე და სწავლის განსაკუთრებული საერთაშორისო გამოცდილება, რომელსაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა სთავაზობს მოსწავლეებს.

EaP school

ორწლიანი საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) პროგრამა აგებულია ევროპის და ევროპული საკითხების გარშემო, კურსში შეტანილია ჰუმანიტარული მეცნიერებები, ენები და ლიტერატურა, ხელოვნება და ისტორია.

საერთაშორისო ბაკალავრიატი ასევე წარმოადგენს სწავლების განსხვავებულ მეთოდს, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მოსწავლეების მიერ კრიტიკული და დამოუკიდებელი აზროვნების უნარის ათვისებას, ეთიკურ და ლოგიკურ მსჯელობას.

ამავე დროს, თქვენ აღმოჩნდებით განსაკუთრებულ საერთაშორისო სასწავლო გარემოში, იცხოვრებთ და ისწავლით სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელ მოსწავლეებთან ერთად. ხოლო კლასგარეშე პერიოდში გექნებათ საშუალება დაესწროთ ევროკავშირთან დაკავშირებულ კონფერენციებს და ღონისძიებებს.

მთლიანობაში, ევროპული სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს საუკეთესო განათლების მიღების შესაძლებლობას, რომელიც განსაკუთრებული მეთოდით ამზადებს მათ თანამედროვე, გლობალიზებული სამყაროს გამოწვევებისთვის. სკოლას დაამთავრებთ საერთაშორისო კვალიფიკაციით - გადმოგეცემათ საერთაშორისო ბაკალავრიატის დიპლომი.

2. შემიძლია აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპულ სკოლაში საქართველოში ვისწავლო?

დიახ, თუკი ხართ 16-17 წლისხართ აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვის რესპუბლიკის, საქართველოს, სომხეთის ან უკრაინის მოქალაქე და ამ ქვეყნების მუდმივი მცხოვრები. თუმცა, ადგილების რაოდენობა შეზღუდულია - იღებენ მხოლოდ 35 მოსწავლეს წელიწადში, ასე რომ, განაცხადის შესატანად უნდა აკმაყოფილებდეთ გარკვეულ პირობებს, ხოლო შერჩევა მოხდება კონკურსის საფუძველზე.

კრიტერიუმები განაცხადის შესატანად მოიცავს საშუალო სკოლაში სწავლას ჩამოთვლილი ექვსი ქვეყნიდან ერთ-ერთში და კარგი აკადემიური მოსწრება თითოეულ საგანში -  ბელარუსის და საქართველოსთვის მინიმუმ 10 ქულა, ხოლო დანარჩენი ქვეყნებისთვის - 9-10 ქულა. გარდა ამისა, თქვენ უნდა გამოამჟღავნოთ ინგლისური ენის სათანადო ცოდნა - მინიმუმ B2 და უფრო მაღალი დონე.

ინფორმაცია განაცხადების მიღებაზე სტიპენდიების მოსაპოვებლად 2020-2021 სასწავლო წლისთვის გამოქვეყნდება 2020 წლის იანვარში.

3. როგორ შევიტანო განაცხადი?

განაცხადის შეტანის პროცესი სამ ეტაპს მოიცავს:

  1. განაცხადის შეტანა სკოლის ვებ-გვერდზე (www.eapeuropeanschool.eu)  
  2. წინასწარ შერჩევაში გამარჯვებულმა კანდიდატებმა უნდა გაიარონ ორი წერილობითი ტესტი - მათემატიკასა და ინგლისურში. ტესტები ჩატარდება მშობლიურ ქვეყანაში.
  3. წერილობითი ტესტების შედეგების საფუძველზე კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას Skype-ის საშუალებით.

შერჩევას ახორციელებს კვალიფიციური კომისია შეფასების ობიექტური და გამჭვირვალე მეთოდების  გამოყენებით. გასაუბრებისას კომისია უპირატესობას მიანიჭებს მოსწავლეთა მოტივაციას, მათ ღიაობას სხვა კულტურების მიმართ და ევროპული საკითხებით დაინტერესებას. განაცხადის შეტანა უფასოა.

4. სკოლაში სწავლა ფასიანია?

არა. თუ კომისია შეგარჩევთ, თქვენ მიიღებთ სრულ სტიპენდიას, რომელსაც იხდის ევროკავშირი. სტიპენდია ფარავს თქვენს სწავლების საფასურს, გადასახადებს, საცხოვრებელ და სკოლაში კვების ხარჯებს, თბილისიდან სახლში მგზავრობის ხარჯებს წელიწადში ოთხჯერ (არდადეგების პერიოდში) და ყველა აუცილებელი სასწავლო მასალის და რესურსის ხარჯს (წიგნების, ლეპტოპის და სმარტფონის ჩათვლით სწავლის პერიოდში), ასევე სამედიცინო დაზღვევას. ასე, რომ, თუკი აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპულ სკოლაში მიგიღეს, ორი სრული წლის განმავლობაში უფასოდ ისწავლით და თქვენი სტიპენდია ავტომატურად გაგრძელდება მეორე წელს.

5. რა უპირატესობები აქვს საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) დიპლომს?

თუ გსურთ საზღვარგარეთ სწავლა, საერთაშორისო ბაკალავრიატის დიპლომი თქვენი წარმატების საწინდარია. საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) დიპლომს იღებენ 75 ქვეყნის 2,000-ზე მეტ უნივერსიტეტში და ის ფართოდ არის აღიარებული კოლეჯების და უნივერსიტეტების მიერ მთელ მსოფლიოში, როგორც მოსწავლეების საუკეთესო მომზადების მაჩვენებელი წარმატების მისაღწევად უმაღლეს განათლებაში.

თითოეულ უნივერსიტეტს აქვს ამ დიპლომის აღიარების საკუთარი პოლიტიკა, რომელიც შეიძლება სხვადასხვა უნივერსიტეტში განსხვავებული იყოს და გულისხმობდეს შემდეგს: საერთაშორისო ბაკალავრიატის მოსწავლეთა აქტიური მიღება, საერთაშორისო ბაკალავრიატის დიპლომის აშკარად აღიარება მიღების პროცესში, ან თუნდაც დიპლომის ქულების გათვალისწინება კურსის კრედიტებისთვის, ან სპეციალური სტიპენდიები კონკრეტულად საერთაშორისო ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთათვის.

6. აღიარებენ თუ არა ამ საერთაშორისო ბაკალავრიატის დიპლომს ჩემი ქვეყნის უნივერსიტეტები?

საერთაშორისო ბაკალავრიატის დიპლომი სრულად არის აღიარებული საქართველოში და მიღებულია სომხეთში, საერთაშორისო ბაკალავრიატის სკოლები ასევე აკრედიტებულია აზერბაიჯანში და უკრაინაში, ხოლო რეგიონის რიგ უნივერსიტეტებს დაწესებული აქვთ ოფიციალური პოლიტიკა საერთაშორისო ბაკალავრიატის მოსწავლეების  მისაღებად.

ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა მოსწავლეს, რომელიც დაამთავრებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის სასტიპენდიო პროგრამას, შეუძლია წარადგინოს მისი დიპლომი საკუთარი ქვეყნის შესაბამის ეროვნულ ორგანოებში ამ დიპლომის ოფიციალური ეროვნული ეკვივალენტის მისაღებად.

7. სად შემიძლია მივიღო დამატებითი ინფორმაცია სკოლის შესახებ?

შეგიძლიათ ეწვიოთ სკოლის ვებ-გვერდს www.eapeuropeanschool.eu, სადაც იხილავთ დეტალურ ინფორმაციას პროგრამის და მიღების პროცედურის შესახებ. გარდა ამისა, იხილეთ ხშირად დასმული კითხვები სასტიპენდიო პროგრამის შესახებ, რომლებშიც გაცემულია პასუხი თქვენს ყველა კითხვაზე სტიპენდიის და იმის შესახებ, თუ რას მოიცავს ის, ასევე საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამის და სკოლის ყოველდღიური ცხოვრების შესახებ. დამატებითი ინფორმაციისთვის საერთაშორისო ბაკალავრიატის შესახებ, ეწვიეთ საერთაშორისო ბაკალავრიატის ვებ-გვერდს www.ibo.org, სადაც ხელმისაწვდომია ინფორმაცია უნივერსიტეტში მიღების შესახებ საერთაშორისო ბაკალავრიატის მოსწავლეებისთვის.

და ბოლოს, გაეცანით ვიდეოს, რომელშიც ბელარუსი  ევა და  მოლდოველი კონსტანტინე გვიზიარებენ პირად გამოცდილებას და შთაბეჭდილებებს სკოლისა და სასწავლო პროცესის შესახებ.

არ გამოგრჩეთ ინფორმაცია ახალ სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების შეტანის შესახებ, რომელიც 2020 წლის იანვარში გამოცხადდება - ჩვენ რეგულარულად მოგაწვდით  ინფორმაციას ვებ-გვერდზე www.euneighbours.eu!