როგორ შევამციროთ შავი ზღვის პლასტმასით დაბინძურება

30-04-2019

შავ ზღვაში ჩამდინარე მდინარეებს ყოველ საათში 6-დან 50-მდე ნარჩენი ჩააქვთ ზღვაში. აქ აღმოჩენილი ნარჩენის 85% პლასტმასია.

20% იმ ნარჩენებისა, რომლებიც შავ ზღვაში მდინარეების მეშვეობით ხვდება, პლასტმასის ბოთლებია, პოლიეთილენის პარკები და პლასტმასის კონტეინერები კი შესაბამისად 10%-სა და 9%-ს შეადგენენ.

პლასტმასით მნიშვნელოვნად არის დაბინძურებული შავი ზღვის სანაპიროც. 14% იმ დამაბინძურებლებისა, რომლებიც სანაპიროებზე გვხვდება, პლასტმასის ბოთლის სახურავებია, 6% - სხვადასხვა შესაფუთი საშუალებები, 5% - ბოთლები, 2% კი - კოქტეილის ჩხირები და სარევები.

ასეთი შედეგი აჩვენა „შავი ზღვის ეკოლოგიური მონიტორინგის გაუმჯობესების“ (EMBLAS) პროექტის ფარგლებში ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით გაეროს განვითარების პროგრამამ განახორციელა. ზღვაში მოტივტივე და სანაპიროზე დაყრილი ნარჩენები ორი მობილური აპლიკაციის მეშვეობით დათვალეს, რომლებიც ევროკავშირის გაერთიანებულმა კვლევითმა ცენტრმა და ევროპის გარემოს დაცვის სააგენტომ შეიმუშავეს.

რატომ არის ეს მონაცემები მნიშვნელოვანი?

ნარჩენები, რომელიც ზედაპირზე ტივტივებენ, ტალღებს ნაპირისგან შორს მიაქვთ, საბოლოოდ კი ზღვის შუა გულში ნარჩენების დიდ მოტივტივე კუნძულებს ქმნიან. პლასტმასის ნარჩენი მცირე ნაწილებად იშლება, რომლებსაც ზღვის ცხოველები ჭამენ. ზღვის პროდუქტების მოხმარების შედეგად, ეს ნარჩენები ადამიანის ორგანიზმში ხვდება და ჯანმრთელობაზე საზიანოდ აისახება.

„ახლო მომავალში უნდა გადავხედოთ ნარჩენების მართვის პრაქტიკას. პლასტმასი უნდა ამოვიღოთ ნარჩენებიდან და გადავამუშაოთ, რადგან სხვაგვარად ასობით მილიონის დახარჯვა მოგვიწევს შუაგული ზღვიდან „ნაგვის კუნძულების“ აღმოსაფხვრელად“, ნათქვამია EMBLAS-ის მიერ შემუშავებულ კვლევაში.

პლასტმასით დაბინძურების პრვენცია ზღვის ბინადრების გადარჩენასაც ნიშნავს, რასაც კარგად აცნობიერებენ ევროკავშირში. 2019 წლის მარტში, ევროპარლამენტმა კანონი მიიღო, რომელიც ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის, მაგალითად პლასტმასის თეფშების, დანა-ჩანგლის, კოქტეილისა და ყურის საწმენდი ჩხირების წარმოებას კრძალავს. მსგავსი პროდუქტები ევროკავშირში 2021 წლიდან აიკრძალება. ამავდროულად, დაწესდა გადამუშავების ახალი მიზანი (2029 წლამდე პლასტმასის ბოთლების 90%-ის შეგროვება) და მწარმოებელთა გაზრდილი პასუხისმგებლობა. კანონი გარემოზე მიყენებულ ზიანს 22 მილიარდი ევროთი შეამცირებს, რაც 2030 წლამდე ევროკავშირში პლასტმასით დაბინძურების ხარჯად არის მიჩნეული.

EMBLAS-ის მიერ შესწავლილი ნარჩენები შავ ზღვაში ოთხი ძირითადი მდინარის მეშვეობით ხვდება: დუნაი, (რომელიც რამდენიმე ევოპულ ქვეყანას კვეთს, მათ შორის მოლდავეთსა და უკრაინას აღმოსავლეთ პარნიორობის რეიგიონში), დნესტრი (მოლდავეთი და უკრაინა), დონი (რუსეთი) და რიონი, რომელიც საქართველოში მოედინება.

რა არის მიზეზი იმისა, რომ შავ ზღვაში პლასტმასის დამაბინძურებლები რიონის მეშვეობით ხვდება და რას ამბობს ეს საქართველოში ნარჩენების მართვის პოლიტიკის შესახებ? დაბინძურების შესამცირებლად რიგი ზომების მიღებაა საჭირო.

მდინარეების გაწმენდა და ნარჩენების დახარისხება

„როცა რიონი დიდდება, სანაპიროებიდან ნარჩენებს რეცხავს და ზღვაში ჩააქვს. ხალხი ნარჩენებს სანაპიროებზე ყრის, ან პირდაპირ მდინარეში. მდინარის სანაპიროებთან საქართველოში უამრავი სტიქიური ნაგავსაყრელია“, ამბობს ქეთევან ცხაკაია, „ნარჩენებისგან თავისუფალი მდინარეები სუფთა შავი ზღვისთვის“ პროექტის კოორდინატორი.

პროექტი, რომელაც ცხაკაია უძღვება, 2018-2020 წლებში განხორციელდება ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 1,008,497 ევროს ფინანსური მხარდაჭერით შავი ზღვის აუზის ოპერაციული პროგრამა 2014-2020-ის ფარგლებში. პროექტი სამ ქვეყანას მოიცავს და მიზნად ისახავს, საქართველოს, მოლდავეთსა და რუმინეთს შორის, ნარჩენების მართვის თანამედროვე პრაქტიკების გამოყენებით, თანამშრომლობა დამყარდეს. თანამშრომლობის შედეგად, შავი ზღვის აუზის ქვეყნებში მდინარეებისა და ზღვის დაბინძურება უნდა შემცირდეს.

„როგორ შევამციროთ დაბინძურება? უნდა დავიწყოთ ნარჩენების სეპარირებით. ყველაზე მავნე პლასტმასის ნარჩენია, რომლის დაშლასაც დიდი დრო სჭირდება. თუკი პლასტმასის ნარჩენების შეგროვებას მოვახერხებთ, შევძლებთ, თავიდან ავიცილით მათი ჯერ მდინარეებში, საბოლოოდ კი ზღვაში მოხვედრა“, ამბობს ცხაკაია.

ამ მიზნის მისაღწევად, მისი ორგანიზაცია იმერეთის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“ ქუთაისის მუნიციპალიტეტს ცნობიერების ამაღლებისა და ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკების გამოყენებით ნარჩენების მართვის კუთხით ზომების მიღებაში ეხმარება.

„სპექტრმა“ ქუთაისის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით პლასტმასის ნარჩენების პრობლემაზე მუშაობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო. პროექტისთვის, რომელიც მათი თანამშრომლობით 2013-2015 წლებში განხორციელდა - „ნარჩენების მართვის ინოვაციური პაქტიკები“, - და რომელიც საქართველოს, მოლდავეთისა და სომხეთის ქალაქებს მოიცავდა, ევროკავშირმა 363,291 ევრო გამოყო.

შედეგად, ქუთაისში 100 ადგილობრივად დამზადებული გამჭვირვალე ურნა დაიდგა პლასტმასის სეპარირებული შეგროვებისთვის.

„გამჭვირვალე ურნები განზრახ დავდგით: როცა ადამიანები შიგთავსს ხედავენ, სხვა სახის ნარჩენს შიგ აღარ ყრიან. პირველმა შედეგმა გაგვაოცა - შეგროვებული ნარჩენის 80-90% პლასტმასი იყო“, ამბობს ცხაკაია.

იგი აღნიშნავს, რომ პროექტი საკმაოდ მდგრადი აღოჩნდა, რამდენადაც, მიუხედავად იმისა, რომ იგი 2015 წელს დამთავრდა, ქუთაისის მუნიციპალიტეტში ეს პრაქტიკა დღემდეგ გრძელდება. 

ახალი პროექტი, რომელიც ყურადღებას მდინარეებისა და ზღვის დაბინძურების შემცირებაზე ამახვილებს, განგრძობითი მცდელობაა იმისა, რომ ნარჩენების დახარისხების პრაქტიკა კიდევ უფრო ფართოდ დაინერგოს. პროექტის ფარგლებში ფოთში ახალი კონტეინერები დაიდგმება, ხოლო ქუთაისში საკომპოსტო მოედანი აშენდება. გარდა პლასტმასისა, ქუთაისში დაიწყება ქაღალდისა და მინის ნარჩენების სეპარირებაც.

ცვლილებები, რომლებიც ქუთაისში განხორციელდა, მალე მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა დაინერგოს. თუმცა როგორ უმკლავდება საქართველო ნარჩენების მართვის გამოწვევებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივების მიღმა?

ნარჩენების მართვის პოლიტიკა საქართველოში

2016 წელს საქართველოს მთავრობამ 2016-2030 წლბის ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია და 2016-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. ეს დოკუმენტი ზოგიერთი ტიპის ნარჩენის გადამუშავებისთვის ვადებს ადგენს. მაგალითად, დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2020 წლამდე საქართევლოში პლასტმასის 30% უნდა გადამუშავდებოდეს, 2025 წლამდე - 50%, ხოლო 2030 წლამდე - 80%.

დოკუმენტის თანახმად, 2020 წლამდე კომპანიებს ვალდებულება უნდა დაეკისროთ, ნარჩენების წარმოქმნის პრევენციისთვის ზომები მიიღონ. 2025 წლამდე კი უნდა არსებობდეს დაწესებულებები, რომლებიც გადაუმუშავებელ ნარჩენებს ენერგიის წარმოსაქმნელად გამოიყენებენ. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების მოთხოვნების თანახმად, მუნიციპალიტეტებმა ნარჩენების რეციკლირება 2019 წლიდან უნდა დაიწყონ. ეს ვალდებულება ძალაში თებერვალში შევიდა, შედეგად კი მუნიციპალიტეტებმა ნარჩენების მართვის გეგმები შეადგინეს. მიუხედავად ყველაფრის, აღსრულება დღემდე გამოწვევად რჩება.

დღესდღეობით ნარჩენების მართვა ძირითადად ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება. ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის მიზანია, 2030 წლამდე ნარჩენების მართვის ინდუსტრია სრულიად დამოუკიდებელი გახადოს. ამისთვის დაგეგმილია ისეთი სისტემის შექმნა, სადაც მოსახლეობა და კერძო სექტორი ხარჯებს სრულად აანაზღაურებენ. სისტემის ამოქმედება თანდათანობით 2020 წლიდან არის დაგეგმილი.

„გარემოზე ორიენტირებული პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი არის „დამბინძურებელი იხდის“ [...] ნარჩენების მართვის ხარჯები, მათ შორის შეგროვების, ტრანსპორტირებისა და გადამუშავების ხარჯები დამბინძურებლებმა უნდა გადაიხადონ“, ნათქვამია დოკუმენტში.

ევროკავშირის „ნარჩენების იერარქიის“ თანახმად, პრიორიტეტი ნარჩენების წარმოქმნის პრევენციაა. საქართველოში ყველაფერი რაც არ გადამუშავდება ნაგავსაყრელზე ხვდება, რაც, საუკეთესო პრაქტიკების თანახმად, უკანასკნელი გამოსავალი უნდა იყოს.

საქართველოში ნარჩენების მართვის კომპონენტი დეცენტრალიზირებულია და საკუთარ საზღვრებში წარმოქნილი ნარჩენის მართვის ვალდებულება მუნიციპალიტეტებს ეკისრებათ. თუმცა, ამჟამად მუნიციპალიტეტებს არ აქვთ სათანადო მოტივაცია, რომ რაც შეიძლება ნაკლები ნარჩენი წარმოქმნან, რადგან ისინი ნარჩენის ნაგავსაყრელზე განთავსებისთვის თანხას არ იხდიან.

საქართველოში ყოვლწლიურად 900 000 ტონა ნარჩენი წარმოიქმნება, რომლის  დაახლოებით 75% ნაგავსაყრელზე ხვდება. ეს განსაკუთრებით დიდი მაჩვენებელია ევროკავშრის ქვეყნებთან შედარებით, მაგალითად შევედეთთან, სადაც ნაგავსაყრელზე ნარჩენების მხოლოდ 1% ხვდება.

თუმცა, საქართველო ე.წ. ჭიშკრის გადასახადის შემოღებას გეგმავს, რაც იმას ნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტები ნაგავსაყრელზე განთავსებული ნარჩენის მოცულობის შესაბამისად გადაიხდიან.

„მაგალითად ქუთაისში ყოველწლიურად 60 000 ტონა ნარჩენი წარმოიქმნება. ჭიშკრის გადასახადის არსებობის შემთხვევაში ხელისუფლება დაინტერესებული იქნება, ნაგავსაყრელზე გასატანი მოცულობები შეამციროს. ამავდროულად, მუნიციპალიტეტებს ინტერესი გაუჩნდებათ, ნარჩენებს, როგორც ფულის შოვნის რესურსს შეხედონ“, ამბობს ცხაკაია.

საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ნარენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის თანახმად, კერძო სექტორი რეციკლირების ბიზნესით ძლიერად არის დაინტერესებული.

მართალია ბაზარზე ჯერ არ ჩანს დიდი ინვესტორი, თუმცა დეპარტამენტის თანახმად, 100-მდე საწარმო უკვე დარეგისტრირდა და მოიპოვა შესაბამისი ლიცენზია სხვადასხვა ტიპის ნარჩენების გადასამუშავებლად.

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი საკომიტეტო მოკვლევის ფარგლებში ნარჩენების მართვის სფეროს სხვადასხვა მონაწილეებთან მართავს შეხვედრებს მუნიციპალური ნარჩენების მართვის საკითხზე. შედეგად, კომიტეტი ანგარიშს მოამზადებს, რომელიც პრობლემის მოგვარების გზებზე პლენარულ სხდომაზე განიხილება.

Say”NO” to Plastic Waste Pollution

ფოტოალბომი: „უთხარი „არა: პლასტმასის ნარჩენებით დაბინძურებას“ –2019 წლის 22 აპრილს ქუთაისში ჩატარებულ გაწმენდის ღონისძიებაში 50 ახალგაზრდა მონაწილეობდა

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც კომიტეტი განიხილავს სატარიფო სისტემის ცვლილებაა. მართალია, რიგ მუნიციპალიტეტებში არსებობს  მოსაკრებლის სისტემა, თუმცა ის ნარჩენების მართვის ხარჯებს ვერ ფარავს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ დაწესებული ტარიფები ლოგიკურ გამოთვლებს არ ეფუძნება.

გარემოს დაცვის სამინისტროს თანახმად, მათი მიზანია, ნარჩენების მართვის ხარჯები „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპის დანერგვით დაფარონ.

„არსებული სატარიფო პოლიტიკა არსებულ სიტუაციას ვერ პასუხობს [...] ნარჩენების მართვის კოდექსი ამბობს, რომ ქვეყანას მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და განთავსების ადეკვატური სისტემა უნდა ჰქონდეს [...] ეს სისტემა „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპზე უნდა იყოს დაფუძნებული“, ამბობს გარემოს დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიურ ნივთიერებათა მართვის სამსახურის ხელმძღვანელი ალვერდ ჩანქსელიანი.

იგი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში უამრავი სტიქიური ნაგავსაყრელია, რაც ნაწილობრივ იმითაც არის გამოწვეული, რომ ზოგიერთი რეგიონი მოსახლეობას ნარჩენების მართვის სერვისს საერთოდ ვერ აწვდის.

დეპარტამენტის თანახმად, მუნიციპალიტეტებმა გადამზადება გაიარეს და ტარიფების დაანგარიშებისთვის საჭირო ცოდნა აქვთ, მიუხედავად ამისა, ამ სისტემის ამოქმედების მოტივაცია მაინც არ აქვთ, რადგან ნარჩენების მართვის სისტემა ცენტრალური ბიუჯეტიდან არის სუბსიდირებული.

შედეგის მისაღწევად, ჩანქსელიანის თქმით, მუნიციპალიტეტებს ვალდებულების შესრულებისთვის კონკრეტული ვადა უნდა დაუწესდეთ.

ავტორი: დათ ფარულავა

Article published in Georgian by Liberali.ge