“ქალები ბიზნესში”: ქართულმა კომპანიამ მოგება 7.5%-ით გაზარდა

05-03-2019

“ტექინჟინერინგ ჯგუფი” ერთ-ერთი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც პროექტის  “ქალები ბიზნესის” ფარგლებში დახმარება მიიღო. ამ პროექტს ახორციელებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) ევროკავშირისა და სხვა დონორების მხარდაჭერით.

ირინე გლოველი, რომელიც ამ მხარდაჭერამდე ცოტა ხნით ადრე, 2017 წელს გახდა კომპანიის დირექტორი, ამბობს რომ ქალებისთვის ბიზნესში წარმატება რთულია, თუმცა არა შეუძლებელი:

 “საქართველოში ქალებისთვის მმართველ პოზიციაზე თავის დამკვიდრება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული, თუმცა პროფესიონალიზმითა და სწორად მიმართული ძალისხმევით ყველაფერია შესაძლებელი. ჩემს შემთხვევაში საკმაოდ სპეციფიკურ სფეროში პირველ ეტაპზე შევეცადე ყველა საკითხი დეტალურად შემესწავლა. თითოეულ ობიექტზე ფინანსური საკითხიდან დაწყებული რთული საინჟინრო გადაწყვეტილებების ჩათვლით ყველა მიმართულებით ვერკვეოდი. რამაც საბოლოო ჯამში შედეგი გამოიღო და დღეს კომპანიის დირექტორი ვარ”.

“ტექინჟინერინგ ჯგუფის” საქმიანობის სფერო საქართველოში ესკალატორებისა და ლიფტების მიწოდება და მონტაჟია. ირინე გლოველის თქმით, კომპანია ჯამში 40 ადამიანს ასაქმებს. მათ თბილისის გარდა ოფისი ბათუმშიც აქვთ. კომპანია არა მხოლოდ ამონტაჟებს, არამედ შემდგომ ტექნიკურ მომსახურეობასაც უწევს კლიენტებს.

გლოველის თქმით, EBRD-ის პროგრამა საბუღალტრო მიმართულებით დაეხმარა, რაც ფინანსური აღრიცხვის მოწესრიგებას და ერთიან სისტემაში მოქცევას გულისხმობდა.

“გრანტი მივიღეთ რომ გაგვეკეთებინა 2013-2016 წლების ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შემოწმება პროგრამა ORIS-ში. ამასთანავე კონსულტაცია და რეკომენდაციები მივიღეთ ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების წარმოებისათვის საფინანსო აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად,” - ამბობს ირინე გლოველი.

EBRD-მა პროგრამის მთლიანი ღირებულების 60% დააფინანსა, რაც დაახლოებით 18 000 ლარია. როგორც ის ამბობს იმ პერიოდში კომპანიას ამ თანხის გადახდის საშუალება არ ჰქონდა.

“რაც უფრო მოწესრიგებულია, სტანდარტიზებულია ჩვენი მთლიანი საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების სისტემა, პარტნიორებისათვის მეტად სანდო და მარტივია ურთიერთობა,”- ამბობს ირინე გლოველი.

მისი თქმითვე, პროგრამის წარმომადგენელი “ტექინჟინერინგ ჯგუფის” ფინანსისტებისა და მენეჯერების ჯგუფთან დაახლოებით ორი თვის განმავლობაში მუშაობდა.

კომპანიის დირექტორის თქმით, EBRD-გან მიღებული დაფინანსებით, რითაც ფინანსური აღრიცხვის მოწესრიგება შეძლეს, კომპანიის მოგება 7.5%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, 2017 წლის შემდეგ, კომპანიის კორპორატიული კლიენტების რაოდენობა 10%-თ არის გაზრდილი.

ირინე გლოველი იმ ქალებს, რომელებსაც პროექტის “ქალები ბიზნესის” ფარგლებში დაფინანსების მიღება უნდათ, ურჩევს, რომ განაცხადის შევსებამდე კარგად განსაზღვრონ კომპანიის საჭიროებები.

“მიუხედავად იმისა, რომ EBRD-ის წარმომადგენლები კონსულტაციის სახით დაეხმარებიან და ურჩევენ რა მიმართულებით სჭირდებათ თანხა, სასურველია, აპლიკაციის საშუალებით უფრო ზუსტად განისაზღვროს ყველაზე მეტად რა მიმართულებით ესაჭიროება კომპანიას ფინანსური მხარდაჭერა”.

Business Lens რაზეც ირინე გლოველი საუბრობს EBRD-ის პროექტის ფარგლებში შექმნილი აპლიკაციაა, რომელიც კითხვარის დახმარებით, გამოავლენს, თუ როგორ იმართება თქვენი ბიზნესი შვიდ ძირითად ასპექტში: ფინანსური მენეჯმენტი და ეფექტურობა, ბაზრის ცოდნა, მარკეტინგი და გაყიდვები, ადამიანური რესურსები, სტრატეგია და ორგანიზაცია, რისკების მართვა და ოპერირება.

კითხვარის შევსების შემდეგ, Business Lens შექმნის ანგარიშს, სადაც ნაჩვენები იქნება თქვენი შედეგები და ის ხარვეზები, რაც კომპანიას ამ კომპონენტებში შეიძლება ჰქონდეს.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგრამა „ქალები ბიზნესში“ 20-ზე მეტ ქვეყანაში ხორციელდება. პროგრამა თანამშრომლობს იმ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებთან, რომლებსაც ქალები ხელმძღვანელობენ, ამით EBRD მხარს უჭერს ქალთა ჩართულობას ბიზნესში. საქართველოში პროგრამის თანადამფინანსებლები არიან ევროკავშირი მისი EU4 ბიზნეს ინიციატივის ფარგლებში, შევედეთი, ადრეული ტრანზიციის ქვეყნებისა და მცირე ბიზნესის გავლენის ფონდები.

მარიამ ვარადაშვილი

Article published by Netgazeti.ge in Georgian.